რელიგია
26 სექტემბერი წმინდა ქეთევან წამებულის ხსენების დღეა
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 26 სექტემბერს წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული იყო. 1605 წელს, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ, მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში კახთა ანტიირანულ გამოსვლას ჩაუდგა და კონსტანტინე დაამარცხა.

1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I დაამტკიცა, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი ძალიან ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი გაუგზავნა.

ქეთევანი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი, შირაზს გაგზავნეს. თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით ქეთევან დედოფალის გათავისუფლება სცადა. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება, ან მოკვლა უბრძანა, თუმცა დედოფალმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა.

შაჰ-აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს აწამეს და წმინდანის სხეული, ნადირთა სათრევად დატოვეს, თუმცა ქეთევანის წმინდა ნეშტს სამი ნათლის სვეტი დაადგა.

წამების მხილველმა ავგუსტინელთა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლითა და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გოაში არსებულ დაგრასას მონასტერში დაასვენეს.

მოგვიანებით, მიწისძვრის შედეგად, მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა. ამჟამად, საქართველოში, წმინდა დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.

ქართულმა ეკლესიამ, ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ კი, 26 სექტემბერი დააწესა.
| Print |