რელიგია
სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობის დღესასწაულს, ზეიმობს. ამ დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც. დღესასწაულს საქართველოს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავენ. წირვის შემდეგ სრულდება წყალკურთხევის რიტუალი.

სომხური სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.

6 იანვარს დილით საშობაო წირვა იწყება, რომელიც შემდეგ ნათლობის რიტუალით გრძელდება.

ძველი აღთქმის თანახმად, ოცდაათ წლამდე ასაკის ადამიანებს ქადაგების უფლება არ ჰქონდათ. ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს იმიტომ აღნიშნავდა, რომ ქრისტემ ქადაგება 30 წლისამ, ნათლობის შემდეგ დაიწყო.

შობის წინა კვირა — 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე — სომხეთში მარხვის კვირად მიიჩნევა. ძველი წელთაღრიცხვის მიხედვით, სომხები ახალ წელს 1 ნავასარდს, ანუ 11 აგვისტოს აღნიშნავდნენ.

ახალი წელთაღრიცხვის დამკვიდრების შემდეგ ახალი წელი 31 დეკემბერს აღინიშნებოდა. მარხვა 5 იანვარს, საღამოს, ეკლესიებში საშობაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მთავრდება.

6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, წყალკურთხევის რიტუალი ტარდება ბიბლიით, ჯვრითა და მირონით. ამის შემდეგ წყალს დამსწრეებს ურიგებენ. მომდევნო დღეს სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს და პანაშვიდს იხდის მათი სულების სიმშვიდისათვის.

შობის დღესასწაულისთვის აკურთხებენ როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე სამუშაო ადგილებსაც.

7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. საღვთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიებში მიცვალებულთა სულების განსვენებისთვის ლოცულობენ და საფლავებზე გადიან.

შობის დღესასწაული სომხეთში 13 იანვრამდე გრძელდება.

სომხეთში, როგორც ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, შობის დღესასწაულს მე-4 საუკუნიდან ზეიმობენ.

| Print |