რელიგია
შევთხოვოთ უფალს, რომ აკურთხოს ეს წელიწადი და ჩვენ ერთობით გადავლახავთ განსაცდელს - მეუფე თეოდორე
შობის საზეიმო წირვა ტაძრებში დასრულდა. სადღესასწაულო ლიტურგია აახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა წმ. შლვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მეუფე თეოდორემ მრევლს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ დღეს თითოეული ადამიანის გულში უნდა იშვას სიმშვიდე.

,,მე შევთხოვ უფალს, რომ კურთხეული წელიწადი ყოფილიყოს, თავი დაგვანებოს ამ საშინელმა ეპიდემიამ და ისევ ადამიანურად ვიცხოვროთ. ღვთის მადლით და ერთობით შევძლებთ ამ განსაცდელის გადალახვასაც" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ ქადაგებისას.

შობა ერთ–ერთი, უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტე სწორედ ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა.

ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა. მისივე ლოცვა-კურთხევით, თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს ანთებს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში იხმობს.

შობის დღესასწაულს წინ 40–დღიანი მარხვა უძღვის. დღეიდან კი მარხვა ხსნილდება და მორწმუნეებს წყალკურთხევის დღესასწაულამდე, რომელიც 18 იანვარს აღინიშნება, ყველანაირი საკვების მიღება შეუძლიათ. ნათლისღების დღესასწაულს წინ ერთდღიანი მარხვა უძღვის.

ახალი წლის მსგავსად, კომენდანტის საათი არ მოქმედებს არც შობის დღესასწაულზე.
| Print |