რელიგია
"დღეს ქრისტე იშვება თითოეული ჩვენთაგანის გულებში" - მეუფე თეოდორე
"დღეს ქრისტე იშვა ბეთლემში და ის იშვება თითოეული ჩვენთაგანის გულებში" - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა. მეუფე თეოდორემ მაცხოვრის შობის სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში შეასრულა.

წირვა ღამის 12:00 საათზე დაიწყო. მსახურების დაწყებამდე მიტროპოლიტმა მრევლს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ახალგაზრდებს კი წირვის მოსმენა ტაძრის ეზოდან სთხოვა, რადგან ეკლესიაში ადგილი ასაკოვანი მრევლისთვის დაეთმოთ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.

| Print |