რელიგია
ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები რეგულაციებს დამორჩილებოდნენ - საშობაო ეპისტოლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყურადღებაა გამახვილებული კორონავირუსის პანდემიაა.

"ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ" - საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გაოქვეყნდა. უწმინდესის მიმართვაში ნათქვამია, რომ რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს.

"წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" (სიბრ. ზირ. 38,9-10).

ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება"
- ნათქვამია უწმინდესის საშობაო ეპისტოლეში.
| Print |