რელიგია
35-ივე მათგანის პასუხი უარყოფითია - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) აცხადებს, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. როგორც მან აღნიშნა, მათ ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვთ, ყოველ კვირას კოვიდ 19-ზე ამოწმებენ.

„სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მათთვის არ არის საჭირო. მათ შორის მეც, რადგან მითხრეს, რომ სამი თვე უსაფრთხო ვარ“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფეების ტესტირება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა გაირკვა რომ პატრიარქის პრესდმივანს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ, თეთრუაშვილი ხელმძღვანელობდა 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეზე გამართულ შეხვედრას.

დღესვე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. მისი ინფორმაციით, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მიზნობრივი ჯგუფების სავალდებულო ტესტირება დაიწყო. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მის ეპარქიაში თითქმის ყველა სასულიერო პირმა გადაიტანა უკვე ვირუსი.

| Print |