რელიგია
ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ცილისწამება ძალიან ბევრი იქნება - მეუფე თეოდორე
,,განსაცდელი შემთხვევით არ მოდის, ის უფლისგან ეშვება არა დასასჯელად, არამედ გასაძლიერებლად. ჩვენ ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, რომ ცილისწამება ბევრი იქნება" - განმარტა ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

სადღესასწაულო წირვა, 7 თებერვალს, ახალციხეში, წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სინოდის ორმა წევრმა აღავლინა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა.

,,ჩვენ მუდმივად ერთად მოვიაზრებით, ერთად მოვდივართ და ერთის მხრივ სასიხარულოც კია, რომ ცილისწამებაშიც არ გაგყვეს. ერთად დაგვწამეს ცილი ისეთ ქმედებაში, რომელიც აზრადაც არ მოგსვლია და მთელი ცხოვრება მასთან ბრძოლაში გავატარეთ ორივემ. ასე რომ არ უნდა შეგვეშინდეს ცილისწამების, გრიგოლ ღვთისმეტყველს მრავალჯერ დასწამეს ცილი. განსაცდელი გვიბიძგებს ჩვენ შემეცნებისკენ, რომ არა განსაცდელი შეიძლება ისე დავშორდეთ უფალს, რომ ჩვენ შორის კონტაქტი გაწყდეს. ამიტომ უნდა ვითხოვდეთ განსაცდელში ძლიერებას" - აღნიშნა წირვის დასრულებისას მეუფე თეოდორემ.

,,ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ცილისწამება ძალიან ბევრი იქნება. დროს თავი დავანებოთ, განა უფალს არ ეუბნებოდნენ, რომ ეშმაკეული ხარ და აცდუნებ ხალხსო? განა ამ მოტივით არ შეიპყრეს და წარუდგინეს პილატეს და უთხრეს, ჩვენი სჯულის მიხედვით არ ასწავლის, სხვა რამეს გვეუბნებაო. განა ცილისწამება არ იყო ეს? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? ამის მაგალითი არის ჩვენი პატრიარქი, რომელიც არათუ პასუხს არ სცემს და არ განიკითხავს, არამედ გულისტკივილით ლოცულობს ასეთ ადამიანებზე და მოიკითხავს ყურადღებით. მე ცოტა ფიცხი ადამიანი ვარ და ვცდილობ ყველას პასუხი გავცე, მაგრამ ვერ ამოწურავ მთელი სიცოცხლე რომ სდიო, ყველას პასუხს ვერ გასცემ, ამიტომ უნდა დაითმინო ყველაფერი. უფლის დაშვების გარეშე არაფერი ხდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ უფალთან საუბარი. ძალიან რთული დრო მოვიდა, არ შეიძლება საცდური არ მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ ადამიანს, ვისგანაც მოვა ის" - განაცხადა მეუფე საბამ ქადაგებისას.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელს იხსენებს.
| Print |