რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი.წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც - შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ძველი წესის, - „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა გათვალისწინებით. შედგა მსახურება, რომელიც სადღესასწაულო ლოცვის (ზოგან კი მეორე დღეს წირვის) დამთავრების შემდეგ სრულდება, ხდება სანთლების კურთხევა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა, ტარდება პანაშვიდიც.

„სვანეთში შემორჩენილი ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც ასევე სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა. ბოლოს ყველანი მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებს ახარონ უფლის განკაცება.

მინდა სვიმეონის სახით ძველმა აღთქმამ განცხადებულ ღმერთს შეაგება ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე, რომელმაც დაასრულა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ძველი აღთქმის პერიოდი. შემდეგ სათავე დაედო ახალი აღთქმის ეპოქას.

მირქმის დღესასწაული თადაპირველად უფრო განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. მაგალითად, იერუსალიმის ეკლესიაში მას გამორჩეულად ზეიმობდნენ: სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობას აწყობდნენ, ბოლოს კი პანაშვიდს იხდიდნენ, რათა მიცვალებულებისთვისაც ეხარებინათ მაცხოვრის ტაძრად მობრძანება
“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |
თეგები: მირქმა /