რელიგია
დღეიდან სომხურ სამოციქულო ეკლესიაში დიდი მარხვა დაიწყო
დღეიდან, 15 თებერვლიდან, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, წინასააღდგომო, დიდი მარხვა დაიწყო. პერიოდი 48 დღეს მოიცავს, აქედან 40 დღე „წაღკაზარდის“ დღესასწაულამდე გრძელდება, ამას ემატება წინასააღდგომო კვირა.

„აღდგომის მარხვა ჩვენს ეკლესიაში ყველაზე ხანგრძლივია, რაც 48 დღეს უდრის. მარხვა როგორც სულიერად, ისე ხორციელად თვითგაწმენდის პერიოდს წარმოადგენს“, - ამბობს ახალციხისა და მიმდებარე სოფლების სომხური ეკლესიების მოძღვარი თორგომ ვარდანიანი. მისივე განმარტებით, დიდმარხვის პერიოდში მხოლოდ მცენარეული საკვების მიღებაა დაშვებული.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში დიდი მარხვა 4 აპრილს, აღდგომის დღეს დასრულდება. მამა თორგომი განმარტავს, რომ საუფლო დღესასწაულს ეპისდსიტუაციის გათვალისწინებით აღნიშნავენ. თუ კომენდანტის საათი გაუქმებული იქნება, წირვა 3 აპრილს, საღამოს ჩატარდება.

„სანთლები უნდა დაინთოს მაშინ, როცა გარეთ საკმარისად ბნელა. რადგან აპრილში გვიან ღამდება, სასურველია, რომ წირვა საღამოს ჩავატაროთ. წირვის შემდეგ მრევლმა სანთლები სახლში უნდა წაიღოს“, - განმარტავს თორგომ ვარდანიანი.

დიდი ორმოცეული ქრისტიანობაში განსაკუთრებული თავშეკავების დროა, რომელიც მორწმუნეებს პასექის დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად ამზადებს. დიდი მარხვა დადგენილია უდაბნოში იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის მოსახსენებლად და ვნების კვირის ჩათვლით გრძელდება 7 კვირა. დიდი მარხვის ტიპიკონურ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქრისტიანს განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რადგან ეს პერიოდი საეკლესიო წესთა და ღმრთისმსახურებათა თავისებურებებით გამოირჩევა.

| Print |