რელიგია
ივლიტის ტაძრის გუმბათი ჩაინგრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა. ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე (გელაშვილი) და ადგილობრივი მოსახლეობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევის მიზეზად დიდთოვლობას ასახელებენ. მათი თქმით, სახურავი ისედაც ავარიული იყო. მომხდარის გამო, მრევლისთვის ტაძარი დაიკეტა. 

„ალბათ, თოვლის მასას ვეღარ გაუძლო. ისედაც ძველი ეკლესიაა და ოდნავ ჩამონგრეული იყო“, - ამბობს ადგილობრივი გიორგი გიქოშვილი.

მამა იოანე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მაშინვე შეატყობინა. იმის გამო, რომ ტაძარს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, სააგენტოს გარეშე რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება.

„წირვა-ლოცვას ვერ ვატარებთ, საშიშია. შეიძლება რამე ჩამოვარდეს და მრევლს დაეცეს. კარი დაკეტილი გვაქვს. არ გვაქვს უფლება ეკლესია ჩვენივე ხელით ავაშენოთ. მე სააგენტოს გავაგებინე, რომ ეკლესია დანგრეულია და სურათებიც მივაწოდე. ჩამოვლენ სპეციალისტები, შეისწავლიან, პროექტს შეადგენენ, საბჭო განიხილავს, დაამტკიცებს და იმის მიხედვით გაკეთდება“, - გვითხრა მამა იოანემ.


„მეცხრე არხი“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს შეისწავლიან და ინფორმაციას მოგვაწოდებენ. უწყების პასუხს - როდის დაიწყება ძეგლის რეაბილიტაცია, ამ დრომდე ველით.


| Print |