რელიგია
ებრაელებისთვის უდიდესი დღესასწაული - პასექი დაიწყო
27 მარტს დაიწყო და ოთხ აპრილამდე გაგრძელდება ებრაელების უდიდესი დღესასწაული ფესახი (პასექი).

თარიღი ყოველწლიურად, ებრაული კალენდრის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან აღინიშნება. დღესასწაულის თარიღი მოძრავია და მარტში ან აპრილში იწყება.

პასექი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან ერთ-ერთია. იგი უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლას ეძღვნება. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს - მაცას მიირთმევენ.

ფესახი ახალი დღე ებრაული კალენდრის მიხედვით საღამოს იწყება. მაშინ, როდესაც ცაზე მინიმუმ ორი ვარსკვლავი გამოჩნდება, ნიშნავს, რომ ახალი დღე დაიწყო.

მოშეს ხუთწიგნეულში (თორა) წერია: "იყო საღამო, იყო დილა - დღე პირველი". სწორედ დღეს საღამოს, როდესაც ვარსკვლავების გამოჩენისთანავე ახალი დღე დაიწყება, დაიწყება ფესახის დღესასწაულიც.

ისრაელში პასექს 7 დღე ზეიმობენ, ხოლო სხვა ქვეყნებში ამ დღესასწაულს 8 დღე აღნიშნავენ.
სიტყვა „პასექი“ მომდინარეობს ებრაულიდან და ნიშნავს გვერდის ავლას. ის მიუთითებს იმ დროზე, როცა ღმერთმა ეგვიპტეში ყველა ყრმა დახოცა, ებრაელებს კი თავიდან აარიდა ეს უბედურება.

| Print |