რელიგია
აღდგომის დღესასწაულზე კათოლიკეებისთვის "კომენდანტის საათს" არ მოხსნიან
ოთხ აპრილს კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ტრადიციულად, გვიან ღამით იწყება, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, კათოლიკე ეკლესიას წესების შეცვლა მოუწია.

საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო catholic.ge-სთან აღნიშნავს, რომ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის ერთი ღამით გაუქმების თხოვნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართა. 

"მსგავს საკითხებზე ჩვენ მივმართავთ სააგენტოს, რადგან ის არის ჩვენთვის პირველი წარმომადგენელი მინისტრთან, ამიტომ მე მივედი მათთან და ვთხოვე დახმარება. მითხრეს მოვაგვარებთო, მაგრამ პასუხი მივიღე ტელეფონით, რომ არ გვარდება“.

ეპისკოპოსის თქმით, სააგენტოს სთხოვა, რომ თუ კომენდანტის საათი ქვეყნის მასშტაბით ვერ მოიხსნებოდა, გამონაკლისი რეგიონებში დაეშვათ. 

"მათ მიპასუხეს, რომ ამ ყველაფერს საკოორდინაციო საბჭო წყვეტს, რომლისგანაც ჩვენ პასუხი გვინდოდა 27 მარტამდე, შაბათამდე, რადგანაც კვირას (28 მარტი) უნდა გამოგვეცხადებინა სამრევლოებში, როგორ იქნებოდა სააღდგომო ლიტურგია. თუმცა პასუხი არ მოვიდა, დავრეკე პარასკევს (26 მარტი), მითხრეს, რომ ორშაბათს (29 მარტი) დამერეკა. ერთი ფაქტი, რაც იყო არასასიამოვნო, მითხრეს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა უნდა ვქნათ და მე ვუთხარი, რომ არ შემიძლია ძალადობით გავაკეთო რამე“

ამის გამო, კათოლიკე ეკლესიებში ღამისთევის ლიტურგია 21:00 საათამდე შესრულდება. სამცხე-ჯავახეთში წირვა ჩატარდება რაბათში, ივლიტაში, ხიზაბავრაში, ვარგავში, ვალეში, ბორჯომში, უდეში, არალსა და აბასთუმანში. 

კომენდანტის საათის ერთი ღამით მოხსნა მოითხოვა აზერბაიჯანულმა თემმაც, რომელმაც 21 მარტს "ნოვრუზის“ დღესასწაული აღნიშნა. მორწმუნეებს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა. ერთ კვირაში კი შეზღუდვა ერთი დღით მოიხსნა საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დროს. 

გამონაკლისი დაუშვეს 31 დეკემბერს - ახალ წელსა და ექვს იანვარს, როცა მართლმადიდებლებმა შობის დღესასწაული იზეიმეს. 
| Print |