რელიგია
კათოლიკური და სომხური სამოციქული ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს, 4 აპრილს კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

საეკლესიო დღესასწაული კათოლიკურ ტაძრებში დიდი შაბათის საღამოს დაიწყო. ამ დღეს ცეცხლი და წყალი აკურთხეს და სააღდგომო ღვთისმსახურება ჩაატარეს. შემდეგ დაიწყო მსვლელობა ლოცვებითა და გალობით. ამ დღეს ჩატარდა ნათლობებიც - აღდგომის წინ გაქრისტიანება კათოლიკეებისთვის განსაკუთრებული პატივია.

კათოლიკეები მაცხოვრის აღდგომას კვირა დღეს ზარების რეკვით და მსვლელობებით აღნიშნავენ. კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო მსახურება დილიდან იწყება.

კათოლიკური აღდგომის, ისევე როგორც მართლმადიდებლურის, მთავარი სიმბოლო შეღებილი კვერცხია. 

კათოლიკური ეკლესიის აღდგომის სადღესასწაულო წირვა ყოველთვის, გვიან ღამით იწყებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, კათოლიკე ეკლესიას წესების შეცვლა მოუწია და ღამისთევის ლიტურგია 21:00 საათამდე შესრულდა.

კომენდანტის საათის ერთი ღამით მოხსნა მოითხოვა აზერბაიჯანულმა თემმაც, რომელმაც 21 მარტს "ნოვრუზის“ დღესასწაული აღნიშნა. მორწმუნეებს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა. ერთ კვირაში კი შეზღუდვა ერთი დღით მოიხსნა საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დროს.

| Print |