რელიგია
საქართველოში ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე აღინიშნება
,,2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააწესა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული. მისი აღნიშვნის თარიღად დადგინდა 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, რადგანაც ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით მოციქულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში იყო გაცხადება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპასტრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიის გარდა, წილხვდომილობის დღე სახელმწიფომაც დააწესა, რის გამოც რელიგიურის გარადა, მას კულტურული და სახელმწიფოებრივი ღირებულება მიენიჭა.

,,მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2019 წლის 8 მაისს საერო ხელისუფლებამაც ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა და მისი აღნიშვნა, ასევე, 12 მაისს დააწესა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს დღესასწაული გარდა რელიგიურისა, ასევე კულტურული და სახელმწიფოებრივი ღირებულების მქონეცაა.

ინებოს ღმერთმა, სრულიად საქართველომ გააცნობიეროს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის მნიშვნელობა და მან ყველასათვის საერთო სახალხო ზეიმის ხასიათი შეიძენოს"
- წერია განცხადებაში.
| Print |