რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, მენელსაცხებლე დედებს იხსენებს
აღდგომიდან მე-3 კვირას მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა.

ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელსა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს. წმიდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კეთილმსახური მეფის თამარის (+1213) ხსენებაც აღნიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
| Print |