რელიგია
ეს დღე თაობათა ბრძოლის მონაპოვარია - ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვის ტექსტს ავრცელებს.

,,სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია და მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი!

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!"
- აღნიშნულია პატრიარქის მილოცვის ტექსტში.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებაც გაამახვილა ყურადღება. პატრიაქის მიმართვა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედართან, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წაიკითხა.

„ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, აქ არ შეწყვეტილა მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდებს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა... გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც.

უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.

მისი ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება, რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ"
- აღნიშნულია განცხადებაში.
| Print |