რელიგია
გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს - საპატრიარქო
გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

,,1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.

2. ამასთან ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

3. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.

4. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.

5. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის“
, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

PHR-მა 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ ყველა ბავშვის გამოყვანა. 3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 4 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამავე განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.
| Print |