რელიგია
ადიგენის სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 26 ივნისს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში, დღესასწაული ყოველ წელს განსაკუთრებულად სოფელ უდეში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღინიშნება, სადაც ამჯერადაც საზეიმო წირვა აღევლინა. 

მეორე წელია დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ უდის ცენტრში კულტურული და სპორტული ღონისძიებები არ იმართება. წელს არც საპატიო ადიგენელი დასახელებულა. მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია.

ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე, სოფელ უდეში "წმიდა ანთიმოზ ივერიელის რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების" ინიციატივით, უკვე მე-16 წელია აღინიშნება. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, იგი სოფელ უდიდან იყო და თურქთა ერთ–ერთი შემოსევის დროს საქართველოდან გაიტაცეს. ინფორმაცია, რომ ანთიმოზ ივერიელი უდის მკვიდრი იყო, ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება.

საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინეპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. იქ ანთიმოზ ივერიელმა მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო. მისი ღვაწლი დიდია ქართული სტამბის დაარსებაშიც.

იგი როგორც პოლიტიკური მოღვაწე რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა, რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა.

სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა.

ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.
| Print |