რელიგია
როცა გინდა, ცენტრალურ მოედანზე გამოხვიდე და ჩემ შვილებს გარყვნილება და პროპაგანდა ანახო, ამას არ დავუშვებთ - მამა ნიკოლოზი
5 ივლისს, ქაშუეთის ტაძართან, ღირსების დასაცავად, მრევლი სამცხე-ჯავახეთიდანაც შეიკრიბება. დღევანდელ ქადაგებაში ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ,,ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს", რადგან ადამიანი ,,თავის- უფალია და არა თავის-ეშმაკი".

დეკანოზმა ნიკოლოზმა ისიც აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას არავის უშლიან, მაგრამ როცა ცენტრალურ მოედანზე ,,ხდება გარყვნილების პროპაგანდა" და ცდილობენ ყველას ოჯახებში შევიდნენ, ეს ქრისტიანებისთვის მიუღებელია.

,,სიყვარული და გარყვნილება სხვადასხვა ადგილზე უნდა დავაყენოთ. სიყვარული და სიწმინდე არის ქრისტე, გარყვნილება და ბოროტმოქმედება კი - ეშმაკი. შენ ხომ გონიერი ადამიანი ხარ და ხვდები ყველაფერს? იქნებ მე ვცდები, წიგნი გადაშალე და წაიკითხე რა წერია? დედაკაცად და მამაკაცად აკურთხა ქრისტემ ოჯახი, ჯვრისწერაში ზუსტად ასე წერია.. და იმდენად გახდა ამის საჭიროება, რომ  კანონში ჩავწერეთ, რომ ოჯახი შედგება დედაკაცისა და მამაკაცისაგან. რა სიბრიყვეა... თან გეუბნება, რომ ნორმალურია ეს ყველაფერი. აი, თქვენ ასეთები ხართ, ისეთები ხართ... რანაირი ვართ? მე რა შეცოდებებიც მაქვს, როგორ შეიძლება გამოვიდე და ვთქვა, რომ ეს ნორმალურია?" - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა. 

ტაძრის წინამძღვარმა ლოთისა და სოდომ-გომორის მაგალითი გაიხსენა, სადაც უფალმა ორი ქალაქი გარყვნილების გამო დასაჯა. 

,,ლოთის მაგალითს გაგახსენებთ, როდესაც მიდის სოდომ-გომორში. ლოთს სტუმრები ჰყავს და მომხვდურებს ეუბნება, რომ ოღონდ სტუმრები არ შემიბილწოთ, ორი ქალწული მყავს და იმათ მოგცემთო, მაგრამ იმდენად გარყვნილება იყო ამ ქალაქებში, რომ არაო უთხრეს. ჩვენ მამაკაცები გვინდაო და ამოწვა ღმერთმა ისე, რომ ნიშან-წყალი არ დატოვა. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ. არ გვინდა ჩვენ ეს მდგომარეობა, მაგრამ როდესაც ოჯახებში გვივარდებიან, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ პრობლემა არ არის, დახურულ სივრცეში სადაც გინდათ იქ შეიკრიბეთ, ღმერთმა თავისუფალი ნება მოგვცა ყველას, რაც გინდა ის აკეთე, მაგრამ როცა შენ გინდა რომ ცენტრალურ მოედანზე გამოხვიდე და ჩემ შვილებს ეს ანახო, ეს გარყვნილება და პროპაგანდა, ამას არ დავუშვებთ".

სასულიერო პირებმა მრევლს მას შემდეგ მოუწოდეს ქაშუეთის ტაძართან მისვლისკენ, რაც საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, სთხოვა თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.

,,კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს. ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ. მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას. ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |