რელიგია
რა თქმა უნდა ძალადობას უნდა ვუთხრათ არა, მაგრამ საკითხავია სად არის ძალადობა - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ეხმაურება. თავის მიმართვაში, მეუფე ნიკოლოზი ცისარტყელის ქრისტიანულ მნიშვნელობაზე საუბრობს და ძალადობის ფორმებს განმარტავს. 

,,ცისარტყელაში ძალიან ღრმა სიმბოლიკაა ჩადებული, შვიდი ფერი არის ძალიან ნათელი სხივი, რომელიც თრგუნავს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას. ახლა ფიზიკიდან რომ ავიღოთ, ცისარტყელას ფერების მისაღებად, საკმარისია მზის სხივი გაატაროთ პრიზმაში (მეც ფიზიკის მასწავლებელი ვიყავი და ბავშვებს ვაჩვენებდი ამას), სხივი იშლება შვიდ ნაწილად - ეს არის დაშლა და პირიქით, სინთეზი შეიძლება. წარმოიდგინეთ ასეთი ექსპერიმენტი, დისკი რომ აიღოთ და ცისარტყელას შვიდი ფერი დაატრიალოთ სწრაფად, მიიღებთ თეთრ ფერს. ანუ ეს არის თეთრი ფერის სხვადასხვა გრადაცია. თუ ცისარტყელას შვიდი ფერი სამყაროს მრავალფეროვნებას აღნიშნავს, ის ერთი თეთრი ფერი ღმერთის ერთადერთობაა. 

ცისარტყელა - ეს არის კიდევ მშვიდობის სიმბოლო და ღმერთის მიერ ადამიანის მიმართ დადებული აღთქმა, რომ აღარსდროს მოუვლენდა წარღვნას. ღირებულებების აღრევა მოხდა და ამიტომ მოხდა წარღვნა.  მე შემთხვევით არ დავიწყე ამაზე საუბარი.

სიტყვიერად ყველა ერთმანეთს ვეთანხმებით, რომ ძალადობას არა უნდა ვუთხრათ, მაგრამ სად არის ეს ძალადობა? პირველ რიგში არ მინდა ამ პრაიდზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ. ესეც არის ტყუილი, რომ თითქოს-და საზოგადოება ორად არის გაყოფილი. ჟურნალისტებიც, როგორც კი იგებენ ჩემს პოზიციას, პირდაპირ ეთერს აღარ მთავაზობენ. ამიტომ ვიყენებ ამ საშუალებას და ვწერ მიმართვას"
- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ქვეყანაზე დიდი ხანია დაწყებულია ძალადობა, რის გამოც საუბარი ცალმხრივად არასწორია. 

,,ვარ თუ არა პრაიდის მომხრე ან მოძალადე - უნდა ვთქვა ან ჰო და ან არა. ორივე შემთხვევაში ვიქნები მოძალადე - საერთოდ, მე არ ვარ მომხრე ამ თემაზე საუბრის, რადგან ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი უკვე ძალადობრივი აქტია. მე არ მინდა რომ ეს სიტყვა ისმოდეს საზოგადოებაში, არ მინდა, რომ ეს სიტყვა ესმოდეთ ბავშვებს. რა პრაიდი, რის პრაიდი, გარდა ამისა, სხვა სიტყვები გამოჩნდა, ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს ლექსიკონში. უფრო სწორად ასოების თანხვედრა და ამ ასოებს ყოველ წელს თითო ემატება და რაღაცა პლიუსები და ა.შ.

კარის ჭუჭრუტანიდან შეხედვა, ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ტიტველი ადამიანის დანახვა არის შენი სირცხვილი, თუ ის საჯაროდ შიშვლდება, მაშინ მისი სირცხვილია. იმის თქმა მინდა, რომ არ არის აუცილებელილ, ვილაპარაკოთ გარკვეული ტიპის ურთიერთობებზე, ნებისმიერი ინტიმური (ნიშნავს ორი ადამიანის ურთიერთობას, სადაც მესამე არ უნდა ჩაერიოს) ურთიერთობის შესახებ საუბარი, ჩემთვის არის მიუღებელი და გაუმართლებელი და პირველი დიდი ძალადობა ჩვენს მიმართ განხორციელებული, სწორედ ეს არის.

მეორეს მხრივ, ძალიან დიდი ძალადობაა ჩვენს ქვეყანაზე, რადგან უმცირესობა ცდილობს უმრავლესობა დაიქვემდებაროს. სინამდვილეში პრაიდი უკვე ტარდება დიდი ხანია. პრაიდი არ იქნება, თუ ამ თემაზე მოვახერხებთ და არ ვილაპარაკებთ, მაგრამ ესეც არ შეიძლება, რომ არ ვილაპარაკოთ. რაღაც ნაკადი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ იძულებული ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ"
- განმარტავს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი.

| Print |