რელიგია
სასულიერო პირმა მშვიდობა უნდა მოიტანოს, ადამიანებს შორის ხიდები არ დაანგრიოს - დეკანოზი ზაზა თევზაძე
,,ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენს ხალხზე აღმართული ხელი. რატომ? - ისინი არიან თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი, ამიტომ პატივი უნდა დავდოთ მათ, რადგან აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს. ეს იყო არნახული აქტი. 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი და რომლის თვალებიც იყო სამიზნე, რომელიც არის სახე და სიმბოლო ცნობიერების.

მინდა ვთქვა, ერთი მნიშვნლოვანი რამ, როგორც მოძღვარმა და ეკლესიის მასწავლებელმა, დღეს არის მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე, ეს დღე არის მოციქულების დღე და მოციქულები არის ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, იმათმა შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით, მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის.

კარგად გავიგოთ და გავიაზროთ, იმიტომ რომ სამყარო როგორიც არის ასეთი არ ყოფილა. კანიბალიზმიდან დღეს სხვა იდეალებს ვესწრაფით და ეს უნდა განხორციელდეს. არ უნდა დავიბნეთ და უკან არ უნდა დავიხიოთ, რადგან უკან გზა არ არსებობს, მხოლოდ წინ ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ"
- განაცხადა დეკანოზმა ზაზა თევზაძემ პარლამენტთან მედიის სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

,,მეუფის, ნებისმიერი სასულიერო პირის და ნებისმიერი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობა არის იყოს მშვიდობისმყოლი. ნათქვამია 9 ნეტარებაში, რომელიც ქრისტიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელია, "ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელები, რადგანაც ღმერთის ძეებად იწოდებიან. პირველ რიგში მშვიდობა უნდა მოიტანოს სასულიერო პირმა და ნებისმიერმა ნორმალურმა და ჯანსაღი გონების ადამიანმა და არ უნდა დაანგრიოს ხიდები ადამიანთა შორის. არ უნდა იკადროს ტყუილი, რომელიც არ დაიმალება. როგორც შეიძლება შავზე თეთრი თქვა, თეთრზე კი შავი - ეს ხომ თავისთავად მარცხისთვის არის განწირული. თუ ამდენს ვერ ხვდებიან ეს კიდევ სხვა პრობლემაა ალბათ" - განაცხადა დეკანოზმა ზაზა თევზაძემ ფორმულას ეთერში, სადაც 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
| Print |