რელიგია
ივლიტის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვის შემდეგაც არ დაწყებულა
ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მრევლის უსაფრთხოების გამო წირვა-ლოცვა აღარ ტარდება. უსახურავოდ დარჩენილ ტაძარზე ბალახია ამოსული. ნაგებობას ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ მასზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარების უფლება სააგენტოს გარდა, არავის აქვს. ამ დრომდე ივლიტაში აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა.ორივე რელიგიის წარმომადგენლები კი ტენდერის გამოცხადებას ელიან. ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მართლმადიდებელი წინამძღვრის, იოანე გელაშვილის თქმით, ტაძრიდან გატანილია მართლმადიდებლური ხატები.

ქალაქ ვალის ღვთისმშობლის შობის რომაულ-კათოლიკური სამრევლოს წინამძღვრის მამა მიხეილ სურმავას ინფორმაციით, როგორც კათოლიკე სასულიერო პირები, ისე მრევლი, ჯერჯერობით ივლიტის ეკლესიიდან ხატების გამოტანას არ აპირებენ, რადგან შიშობენ, უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემათ. მამა მიხეილი შენობის რეაბილიტაციის დროს პროცესებში როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური მხარის ჩართვას ითხოვს.

ივლიტის ტაძრის წინამძღვრის, იოანე გელაშვილის თქმით, კათოლიკე მხარესთან შეხვედრა, ტაძრის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ უკვე შედგა. კათოლიკური კვირაცხოვლობის პერიოდში, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტომ სასულიერო პირებთან ერთად ივლიტის ტაძარი დაათვალიერა და წვიმისგან დაზიანებული ხატების ნაწილი წაიღო - განმარტავს დეკანოზი.

მამა იოანეს თქმითვე, სახურავის ჩამოქცევის შემდეგ, მართლმადიდებლებს ღვთისმსახურება ტაძარში აღარ ჩაუტარებიათ. ორივე მხარე ძეგლთა დაცვის გადაწყვეტილებას ელოდება. მამა მიხეილი კი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება.

ივლიტაში ეკლესიის სახურავი, დიდთოვლობის გამო, მიმდინარე წლის 16 თებერვალს ჩამოინგრა.ისტორიკოსის, რეზო ანდღულაძის თქმით, ივლიტის ეკლესიას ამორტიზებული სახურავის პრობლემა ათეულობით წელია ჰქონდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში 2012 წლიდან არის. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მეცხრე არხისთვის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.


| Print |