რელიგია
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში ხილი აკურთხეს
ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ხილი აკურთხეს. რიტუალი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ ჩაატარა. 

ფერისცვალობას, როგორც წესი, მოქმედ ტაძრებში ხილი და თაფლი იკურთხება. აღნიშნული ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს - როდესაც კაენმა და აბელმა უფალს სამადლობელად თავიანთი შრომის ნაყოფი შესწირეს. გარდა ამისა, ამ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იგი იბრუნებს იმ სიწმინდეს, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში.

გავრცელებული აზრის თანახმად, ფერიცვალების დღესასწაულამდე მორწმუნე ადამიანებს ყურძნის მირთმევა ეკრძალებათ.

აღნიშნული აზრი ნაწილობრივ სწორია. ასეთი ნორმა მართლაც არსებობს ტიპიკონში, სადაც ნათქვამია, რომ ბერებს არა აქვთ ახალი ხილის (ყურძენი, ხოლო სადაც ყურძენი არ მოდის, იქ - ვაშლი) მიღების უფლება მანამ, სანამ ფერიცვალების დღესასწაულზე არ იკურთხება. აღნიშნული აკრძალვის დამრღვევ ბერებს კი ყურძნის მიღება ეკრძალებათ 14 სექტემბრამდე. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი მხოლოდ ბერებს ეხებათ და არა საერო პირებს. თუმცა ბევრი მოძღვარი აღნიშნულ აკრძალვას თავის მრევლზეც ავრცელებს.

ასევე წაიკითხეთ: რატომ აკურთხებენ ფერისცვალებას ტაძრებში ხილს?
| Print |