რელიგია
წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ - დეკანოზი ანდრია
საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ჯაღმაიძემ სუს-დან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

მან ტელევიზიები გააკრიტიკა და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

,,ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა.

დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
| Print |