რელიგია
ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა - საპატრიარქო
მღვდელმთავრები უკანასკნელი მოვლენების შესაფასებლად შეიკრიბნენ, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა.

„დღეს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა. შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო.

შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „კრებსები“ შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია.

გარდა ამისა, გამოიკვეთა ნაწილობრივი თანხვედრა ზოგიერთი თეოლოგისა და სასულიერო პირისაგან შემდგარი ჯგუფის საჯარო განცხადებებთან, რაც უკანასკნელ წლებში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. გარკვეულ შემთხვევაში კი აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობდნენ მაღალი იერარქიის სახელით.

მღვდელმთავრებმა აღნიშნეს, რომ სახეზეა ამავე ჯგუფისა და ე.წ. კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შეთანხმებული მოქმედება. ტელევიზიები ამ ჯგუფის დახმარებით საეკლესიო საკითხების შესახებ ცილისმწამებლური შინაარსის სიუჟეტებს ამზადებდნენ და, ფაქტობრივად, მათი გეგმის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი. სწორედ მათი ეთერით გახმოვანდა საპატრიარქოს შტურმისა და სინოდის წევრების დაპატიმრების გეგმის შესახებ. ამ ტელევიზიებს ყოველ შაბათსა და კვირას თავიანთ გადაცემებში იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამისთვის კი საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითაც ცდილობდნენ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას.

რაც შეეხება საეჭვო ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეა საუბარი, ყველა საშუალებით მოხდება მათი გადამოწმება.

მღვდელმთავრებმა ასევე გარკვევით აღნიშნეს, რომ ამ თუ სხვა ნებისმიერი გარე შემოტევის წინაშე სინოდი ერთსულოვანი იქნება“,
- ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.
| Print |