რელიგია
ბექა ჩილინგარაშვილი - ყველაზე ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელი საქართველოში
საქართველოში კათოლიკე ეკლესიას კიდევ ერთი ქართველი, ადგილობრივი მღვდელი ჰყავს. დღეს, 14 ოქტომბერს, დიაკვან ბექა ჩილინგარაშვილის ხელდასხმა რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა. ხელდასხმის საიდუმლო ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.

ლიტურგიისას, ბექა ჩილინგარაშვილს სამღვდელო სამოსი მღვდელმა პაატა ქომოშვილმა ჩააცვა. ხელდასხმას მრევლი და სხვადასხვა სამრევლოში მოღვაწე სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

27 წლის ბექა ჩილინგარაშვილი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელია. იგი ადიგენის სოფელ არლიდანაა და კომუნისტური პერიოდის შემდეგ, ამ სოფლიდან მესამე კათოლიკე ხუცესია.

მღვდლად ხელდასხმამდე ბექა ჩილინგარაშვილმა ყველა აუცილებელი საფეხური გაიარა:

2013 წლის 9 სექტემბერს იგი პრე-სემინარიაში, ქუთაისში წავიდა.

2014 წლის 1-ელ სექტემბერს სწავლა დაიწყო ყაზახეთის სემინარიაში, სადაც 6 წლის განმავლობაში სწავლობდა. აქედან 2 წელი ფილოსოფიის, ხოლო 4 წელი თეოლოგიის კურსს.

რამდენიმეთვიანი პრაქტიკული კურსი ჰქონდა იტალიაში.

2019 წლის 26 მაისს კი საქართველოში ჩამოვიდა და პრაქტიკა დაიწყო საკუთარ სამრევლოში, არლის წმინდა იოსების სახელობის ეკლესიაში.

2020 წლის 27 ივნისს იგი დიაკვნად ეკურთხა და კვლავ გააგრძელა პრაქტიკა არლისა და ბათუმის სამრევლოებში.

მას შემდეგ, როცა ყველა სავალდებულო ეტაპი გაიარა და მღვდლად კურთხევის გადაწყვეტილებაში დარწმუნდა, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს წერილობით მიმართა. მისი განცხადება 2021 წლის 5 მაისს, კურიაში არსებულმა საბჭომ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

| Print |