რელიგია
წმ.ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო. ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა და განუცხადა, რომ ქრისტიანებმა გადაიბირეს და იგი წამებით სიკვდილის ღირსი იყო.

ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მას თავი მამამ მოკვეთა, რისთვისაც დიოსკორე და მარკიანე უფალმა დასაჯა.

ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ამიტომ ამ დღეს სამარხვო ღვეზელებს აცხობდნენ. სასულიერო პირების თქმით, ხალხური წარმართული მოქმედება ქრისტიანულ რიტუალად მოსახლეობამ აქცია.

,,თქვენ იცით, წმინდა ბარბარე არის დიდი სასწაულთმოქმედი. იგი ეხმარება ყოველ
გაჭირვებულ ადამიანს. ვინც ევედრება წმინდა ბარბარეს, ის ამქვეყნად უზიარებელი არის მიდის-გარდაცვალების წინ ღმერთი მას აუცილებლად ზიარების ღირსად ხდის და ადამიანი ეზიარება წმინდა სისხლსა და ხორცს უფლისას. ამასთან, წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი"
- აღნიშნავს პატრიარქი.

მას ასეთი ლოცვით უნდა მივმართოთ:

,,ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრთხენი შემუსრა, და, ვითარცა სირი, განერა მახისაგან, შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა".

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი ბარბარობას განსაკუთრებულ დღეს უწოდებს.

| Print |