რელიგია
მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ექიმის ინფორმაციით, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კონტაქტური და ადეკვატურია.

როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტი კლინიკაში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით შეიყვანეს.

„ჩატარებული კვლევებით აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა, ჩაუტარდა სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება. მას ჰქონდა სისხლის დანაკარგი, ასევე შევსებული არის სისხლის კომპონენტებით ეს დანაკარგი. დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, კონტაქტური და ადეკვატურია", - აღნიშნავს ექიმი.

მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება ჭყონდიდის ეპარქიაც. მათი განცხადებით მეუფე თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობა მკურნალობას ექვემდებარება.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის - ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას.

სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო, ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით.
მეუფე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას. მეუფე სტეფანეს სახელით მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის.

გილოცავთ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით!"
- ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო საეკლესიო სიახლენის Facebook-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი ცაგერში საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უარყოფს, რომ მიტროპოლიტმა საკუთარ კელიაში გონება დაკარგა.

ამასთან, საპატრიარქო უარყოფს იმ ინფორმაციასაც, რომ მეუფე სტეფანეს შესაძლოა თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, მაგრამ თავად არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა მიტროპოლიტის ცუდად გახდომის მიზეზი.
| Print |