რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი.წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც - შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ძველი წესის, - „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა გათვალისწინებით. შედგა მსახურება, რომელიც სადღესასწაულო ლოცვის (ზოგან კი მეორე დღეს წირვის) დამთავრების შემდეგ სრულდება, ხდება სანთლების კურთხევა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა, ტარდება პანაშვიდიც.

| Print |