რელიგია
კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი აღნიშნეს
დიდი ხუთშაბათი – დღე, როდესაც იესო ქრისტემ თავის 12 მოწაფესთან საიდუმლო სერობა გამართა, დღეს კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა.

კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიებმა დღეს ვნების კვირის ხუთშაბათი აღნიშეს. ამასთან დაკავშირებით, ახალციხეში მოქმედ ტაძრებში საღვთისმეტყველო ლიტურგიები შესრულდა. რაბათის ღვთისმშობლის სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში წირვა კაპუცინელმა ბერებმა აღასრულეს. მამა ტომაშ ვრონსკი, მრევლს დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განმარტა, რომ ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ქრისტემ 12 მოციქულთან უკანასკნელი სერობა გამართა.

დიდი ხუთშბათი აღინიშნა ახალციხის გრიოგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სადაც მოძღვარმა ვნების კვირეულთან დაკავშირებით ისაუბრა. აქვე შესრულდა ტრადიციული ფეხთბანის რიტუალი, რომელიც ქრისტიანული სწავლების მიხედვით, იესომ ვნების ხუთშბათს შეასრულა, მან თავის 12 მოწაფეს ფეხები დაბანა.

დიდი ხუთშაბათი ანუ საიდუმლო სერობის დღე ქრისტიანთათვის წმინდა კვირის მნიშვნელოვანი ნაწილია. მორწუნეები, საღვთისმეტყველო ლიტურგიისას, იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებენ. რაც შეეხება ქრისტეს აღდგომას, ამ წელს, კათოლიკური სამყარო და სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 5 აპრილს აღნიშნავს.

| Print |