25 მარტს კათოლიკურმა სამყარომ ხარების დღესასწაული იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, ახალციხეში მცხოვრები მორწმუნეებისათვის წმინდა წირვა სამლოცველო სახლში აღევლინა. კაპუცინელთა ორდენის ბერმა, მამა ტომაშ ვრონსკიმ მრევლს თარიღი მიულოცა და უფლის ჩასახვის შესახებ ესაუბრა. მღვდელმსახურის თქმით, ადამიანი ჩასახვისთანავე ცოცხალი არსებაა, ამიტომ მისი ხელყოფა ქრისტიანთათვის უდიდეს ცოდვას წარმოადგენს.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ხარება ერთ-ერთი საუფლო, დღესასწაულია. მას კათოლიკეები ყოველი წლის 25 მარტს, ხოლო მართლმადიდებლები 7 აპრილს აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, ქრისტიანთა მხსნელის, იესოს დაბადების შესახებ, ღვთისმშობელ მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა, 9 თვის შემდეგ კი მაცხოვარი დაიბადა. კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ იესოს დაბადებით კაცობრიობას სულიერი მხსნელი მოევლინა.