რელიგია
მართლმადიდებლები 7 აპრილს, ხარებას დღესასწაულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ახალციხეში, წმ. მარინეს სახელობისა და წმ.შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია დილის 10:00 სთ-ზე დიწყო, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში კი სადღესასწაულო წირვა 00:00 სთ-ზე შესრულდა.

რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

,,გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".

ახალი აღთქმის თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების მიხედვით, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.

კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

სულიწმინდა მოვიდეს ჩვენს ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს
“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ფოტოზე გამოსახულია ხარების მოზაიკა კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის ორ სვეტზე ( ხარების ყველაზე ადრეული გამოსახულება სლავურ ხელოვნებაში).
ღვთისმშობელს ხელში წითელი ნართი უჭირავს (ღვთისმშობლის ამ გამოსახულებას "მრთველსაც"უწოდებენ).

ღვთისმშობლის მარჯვენა მხარეს არის ბერძნული ციტატა ლუკას სახარებიდან: „აჰა, მე ვარ უფლის მხევალი. შენი სიტყვისამებრ მომემართოს“. გაბრიელ მთავარანგელოზის მხარეს არის ციტატა ლუკას სახარებიდან: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა“.
| Print |