რელიგია
14 მაისს თამარ მეფის ხსენების დღე აღინიშნება
14 მაისი ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეა. დღესასწაული მოქმედ მართლამდიდებლურ ტაძრებში წირვით აღინიშნება.

საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა ქვეყანას, შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა.

თამარი სამაგალითო ქრისტიანი იყო, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვისაც. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები.

თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა. დღესასწაული საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 31 იანვარი - გარდაცვალების, 14 მაისი კი მისი ხსენების დღეა, რომელიც 1917 წლიდან, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღინიშნება.

თამარ მეფის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნება ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, კერძოდ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც თამარ მეფისა და გიორგი III-ის უნიკალური პორტრეტებია გამოსახული. თამარ მეფის ძეგლი ახალციხეში 1999 წელს დადგეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, მისი პირველი ქანდაკება იყო. ძეგლზე მუშაობის პროცესს საინტერესო ისტორია უკავშირდება. მოქანდაკეებმა წმიდანად შერაცხული მეფის ძეგლი ქვაში გამოაქანდაკეს. მათ 72 ტონიანი თეთრი ქვისგან თავდაპირველად თავის ფორმა გამოიყვანეს და როდესაც გულ-მკერდის მარცხენა მხარის დამუშავებაზე გადავიდნენ, გულის ადგილზე ქვა გასკდა. ქვაში თხევადი სითხით ამოვსებული გულის ფორმის ღრმული იყო, რომელიც თბილი დახვდათ. რბილობი გეოლოგებმაც შეისწავლეს. იგი ძალიან ჰგავდა ცვილს, რომლითაც თაფლის სანთელს ასხამენ. 

„თამარის გული“ საქართველოს პატრიარქმა სიწმინდედ შერაცხა, რომელმაც უფლის კვართის შემდგომ უდიდეს სასწაულად მიიჩნია. ე.წ “თამარის გული” ამ დროისათვის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
| Print |