რელიგია
უკრაინული ეკლესია რუსულს გამოეყო
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 მაისს, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეკლესია გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და მოსკოვის პატრიარქის, კირილეს პოზიციას ამ ომთან დაკავშირებით.

„საბჭომ დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის დებულებაში, რაც განსაზღვრავს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ ავტონომიასა და დამოუკიდებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 250-მდე მღვდელმა მოითხოვა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელმაც უკრაინაში შეჭრა არ დაგმო და კრემლის პოზიცია დაიცვა, საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს. უკრაინის ეკლესია გმობს პატრიარქ კირილის მხარდაჭერას კრემლის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

უკრაინაში მეორე, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიაც არსებობს. უკრაინის ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე.

უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.

რუსეთმა, რომელიც თავშივე ცალსახად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, კავშირი გაწყვიტა როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ისე დანარჩენი სამი ეკლესიის მეთაურებთან.

ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის.
| Print |