რელიგია
მეუფე ნიკოლოზი 5 ივლისის მოვლენების ანგარიშს გამოეხმაურა
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის (სახდეპის) ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ ის ნაწილი, სადაც 5 ივლისის მოვლენებზეა საუბარი "ცილისწამებაა".

სახდეპის რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს ათასობით ძალადობრივად განწყობილი პირი, მათ შორის ქართული ეკლესიის მღვდლები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, გაანადგურებს თბილისი პრაიდის ოფისი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსაც.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სასულიერო პირი ვინმეს თავს დასხმოდა.

"ეს არის ცალსახად ცილისწამება. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სასულიერო პირი დასხმოდა თავს, პირიქით. ხალხი იყო ძალიან დაძაბული და სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ერთ-ერთი სასულიერო პირი მოუწოდებდა ტრიბუნიდან, მაგრამ გავრცელებული რაც იყო, ისიც იყო ძალიან მოკლედ ეს გამოსვლა, სინამდვილეში, თუ მთლიანად მოუსმენთ, ისიც არ იყო ძალადობრივი"
- ამბობს მეუფე ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.

ჟურნალისტმა მას შეახსენა იმ მომენტი, როდესაც მეუფე იოანემ პარლამენტთან შეკრებილებს ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავას გაყვანისკენ მოუწოდა. ეს ეპიზოდი მიტროპოლიტმა შემდეგნაირად განმარტა:

"გაიყვანეთ სხვა რამეა და სცემეთ და მსგავსი მითითება არ ყოფილა. გაიყვანეთ ნიშნავს, რომ გაარიდეთ განსაცდელს. ეს ნამდვილად ცილისწამებაა და დასანანია, რომ კანონი არ არსებობს, რომელიც ცილისწამებისთვის სჯის. დეპარტამენტი ცოტა უკეთ რომ გაერკვეს სიტუაციაში და მისი კეთილგანწყობა რომ გამოჩნდეს ზოგადად ქვეყნის და საზოგადოების მიმართ, უკეთესი იქნება. პანდემიაზე განგიმარტეთ, მე შემეძლო დეპარტამენტის წარმომადგენლისთვისაც განმემარტა"
.

რაც შეეხება ანგარიშის იმ ნაწილს, რომელშიც პანდემიის პირობებში სასულიერო პირების პრივილეგიებზეა საუბარი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ადამიანს "რელიგიური თავისუფლება არ უნდა შეეზღუდოს".

მისივე თქმით, მათ ისევე ესაჭიროებოდათ გადაადგილება როგორც ექიმებსა და პოლიციელებს, რადგან სასულიერო პირები "მრევლის სულიერ უსაფრთხოებაზე" ზრუნავენ.

"ნამდვილად იყო გარკვეული პრივილეგია, მაგრამ არამარტო სასულიერო პირებს, ისეთ მოსამსახურეებს, რომლებსაც საზოგადოებრივი თვალსაზრისით გადაადგილება ესაჭიროებოდათ. მაგალითად ექიმებს, პოლიციელებს და კიდევ სხვა ტიპის მოსამსახურეებს... სასულიერო პირებიც ხომ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ? მრევლის სულიერ უსაფრთხოებაზე... ჩვენ მოსამსახურეები ვართ"- აღნიშნა მიტროპოლიტმა.
| Print |