რელიგია
დღეიდან მორწმუნეებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
20 ივნისს, მართლმადიდებელ სამყაროში პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. მარხვა მოძრავია და იგი სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

მარხვა 12 ივლისს, საზეიმო ლიტურგიის შემდეგ დასრულდება.

ქრისტეს მოციქულთა შორის, მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც იესო ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რა დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულის სიცოცხლე თავისკვეთით დასრულდა.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.
| Print |