რელიგია
ახალციხის წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ეკლესიაში ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს

ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ეკლესიაში ტაძრის დღესასწაული იზეიმეს. წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღეს სადღესასწაულო ლიტურგია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიროპოლიტმა თეოდორემ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიასთან ერთად აღავლინა. მათ ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცეს და წმინდა შალვა ახალციხელის ღვაწლზე ისაუბრეს.სახელმწიფო მოხელე და გამორჩეული მეომარი შალვა ახალციხელი, XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას, მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად წინამძღოლობდა.

ერთგულების, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა.

არაერთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, შალვა ახალციხელისთვის საბედისწერო გარნისის ბრძოლა აღმოჩნდა. უთანასწორო ომში იგი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც, ჯალალ–ედ–დინმა სიკვდილით დასაჯა.

სწორედ ამიტომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იგი წმინდანად შერაცხა.წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი ქალაქ ახალციხეში 2020 წლის 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა. ეკლესია 11 წლის განმავლობაში შენდებოდა.
| Print |