რელიგია
როდის და როგორ აღინიშნება ვარდავარი
სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს, 24 ივლისს "ვარდავარს" აღნიშნავს. ბავშვებსა და მორწმუნე უფროსებს ამ დღის აღსანიშნად განსაკუთრებული წესები აქვთ.

ბავშვები ბოთლებს წყლით ავსებენ და ერთმანეთს ასხამენ. მათთვის წუწაობა რელიგიური დღესასწაულის - "ვარდავარის" ყველაზე სახალისო ნაწილია. წყლის შესხმის მნიშვნელობა არ იციან, თუმცა ამბობენ რომ ეს ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს უნდა შესრულდეს. ბავშვებისგან განსხვავებით, მისი დანიშნულება კარგად იციან მოზრდილებმა.

წყლის შესხმით მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ, წყალი ამავდროულად საღვთო მადლს აღნიშნავს.
დღის პირველ ნახევარში სომხურ სამოციქულო ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. მორწმუნე მრევლი წელს წყრუთის ეკლესიაში შეიკრიბა. დღესასწაულის აღნიშნვნა დილის 10:00 საათზე, ახალციხის სოფელ წყრუთთან მდებარე ეკლესიაში წირვით დაიწყო. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლმა ეკლესიის ეზოში ტრადიციული წყლის შესხურების რიტუალი შეასრულა.

,,ვარდავარის" ანუ ფერისცვალების დღესასწაულს საფუძვლად სახარებისეული ეპიზოდი დაედო, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტე თავის სამ მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა.
ვარდავარი სომხების უსაყვარლესი საზაფხულო დღესასწაულია. თარიღი აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. თუმცა, ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული.

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სომხეთის პირველმა კათოლიკოსმა, გრიგოლ განმანათლებელმა ფერიცვალების დღესასწაულად ნავასარდის თვის პირველი დღე დაადგინა. ამ დღეს აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული, რომლის ელემენტებიც ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულშიც შემორჩა.
მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხამენ ერთმანეთს, სამკურნალოა და იღბლისა და კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, გაწუწულს უფლება არ აქვს, გაბრაზდეს. პირიქით, მადლობაც კი უნდა გადაუხადოს მიმლოცველს. საუკეთესო შემთხვევაში მიმლოცველიც უნდა გაიწუწოს.

| Print |