რელიგია
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ "ვარდავარი" აღნიშნა

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 24 ივლისს "ვარდავარი" აღნიშნა. სომხურ სამოციქულო ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლმა ეკლესიის ეზოში ტრადიციული წყლის შესხურების რიტუალი შეასრულა.

,,ვარდავარის" ანუ ფერისცვალების დღესასწაულს საფუძვლად სახარებისეული ეპიზოდი დაედო, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტე თავის სამ მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა. დღესასწაულზე ბავშვები ბოთლებს წყლით ავსებენ და ერთმანეთს ასხამენ. მათთვის წუწაობა რელიგიური დღესასწაულის - "ვარდავარის" ყველაზე სახალისო ნაწილია. წყლის შესხმით მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ, წყალი ამავდროულად საღვთო მადლს აღნიშნავს.

მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხამენ ერთმანეთს, სამკურნალოა და იღბლისა და კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, გაწუწულს უფლება არ აქვს, გაბრაზდეს. პირიქით, მადლობაც კი უნდა გადაუხადოს მიმლოცველს. საუკეთესო შემთხვევაში მიმლოცველიც უნდა გაიწუწოს.

ვარდავარი სომხების უსაყვარლესი საზაფხულო დღესასწაულია. თარიღი აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. თუმცა, ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული.
| Print |