რელიგია
ათონურ წირვაზე უფრო დიდი წირვა ვნახე საქართვეელოში, საფარაში - მამა ალექსანდრე
საბურთალოს წმ.გიორგის სახელობის ტაძარში, მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ 17 ივლისს, წირვის შემდეგ ქადაგებაში, მრევლს სამცხის ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული ძეგლების შესახებ მოუყვა, რომლის მოლოცვა და დათვალიერება ორი დღის განმავლობაში შეძლო.

,,პარასკევს ჩვენ წავედით საფარაში. რა საოცარი მონასტერი ააშენეს ჯაყელებმა, განსაკუთრებით ბექა ჯაყელი გამოირჩეოდა - საფარის აღმშენებელი" - ამბობს მამა ალექსანდრე.

საბურთალოს ტაძრის მღვდელმსახური აღნიშნავს, რომ საფარაში შემორჩენილი ფრესკები და ჩატარებული წირვა მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

,,35 წლის მღვდელი ვარ და ასეთი წირვა არ მომისმენია.. ათონის მთაზეც კი არ განმიცდია ის, რაც განვიცადე.. ვტიროდი თავისთავად, ევქარისტიული კანონი რომ დაიწყო, ვტიროდი. მე ასეთი რამ ათონზე არ მომსვლია. ვტიროდი, ცრემლები მომდიოდა. სამი ბერი გალობდა და ისეთი აკუსტიკა იყო, გეგონებოდა დიდი გუნდი იდგა. აქ ყურადღება მისაქცევია.. ესენი გალობდნენ.. ეს რაღაც სულიერი იყო, გალობაც არაჩვეულებრივი იყო მელოდიურად და სულიერი გალობა იყო. ისე ჩაგწვდებოდა, ისე მოგხიბლავდა.. და ევქარისტიული კანონის დროს შემოვიდა ზარები და ზარების ხმაც ისე შემოიყვანეს, ამ ტკბილ გალობაში, რომ ზარმა კი არ გადაამეტა, თითქოს ეს ზარებიც შეერწყა ამ გალობას. გამაოგნებელი წირვა იყო ჩემთვის. ასეთი წირვა მე არ მომისმენია, არ მინახავს, არ განმიცდია.."

მამა ალექსანდრე საუბრობს იმის შესახებ, რომ საფარის მონასტერი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ატარო ქართული კულტურა ,,ვიდრე მეორედმოსვლამდე".

,,საფარის გარემო ტყეში, მთაში, მე-13-მე-14 საუკუნის საოცარი ქართული ფრესკები და საოცარი ქართული წირვა.. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ თითქოს მანამდე არაფერი მინახავს და არ განმიცდია. რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი - რა დიდი კულტურის მატარებლები და გადამცემები არიან ბერები, მღვდელმონაზვნები და საერთოდ მონასტერი და ეკლესია. მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული კულტურის ზენიტი, ქართული კულტურის აღმაფრენა და გაბრწყინება".

| Print |