რელიგია
ახალქალაქის კლინიკაში გარდაცვლილი 27 წლის ქალის საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს
ახალქალაქის კლინიკაში 7 აგვისტოს სოფელ ხოსპიოში მცხოვრები 27 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 6 აგვისტოს შეიყვანეს. მკურნალობის მიუხედავად კი მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. ქალის გარდაცვალების საქმით წამლისა და სამედიცინო რეგულირების სააგენტო უკვე დაინტესედა.

პაციენტის ახლობლები კლინიკას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქალმა ახალციხის რეფერსლურ ჰოსპიტალში ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა და ჩივილების მიუხედავად, პაციენტი სახლში მაინც გაწერეს. მას შედეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, ოჯახმა ქალი ისევ საავადმყოფოში, ამჯერად ახალქალაქში გადაიყვანა, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ პაციენტის საავადმყოფოში შეყვანისთანავე, გულის გაჩერება დაფიქსირდა, რაც ღამის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე განმეორდა.

"ყველა ჯერზე გულის რიტმის აღდენა რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა დარჩა კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე გამოძახებული იყო რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის გადაყვანა ვერ მოხერხდა არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო", - განმარტავენ ახალქალაქის ჰოსპიტალში.

მათივე თქმით, პაციენტის მართვაში შესაბამისი პროფილის, როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისის წამყვანი სპეციალისტების გუნდი იყო ჩართული.

"მიუხედავად ყველა კლინიკური ჩარევისა და ინტენსიური მკურნალობისა, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესება ვერ მოხერხდა და, სამწუხაროდ, 7 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზები შესაბამისი ორგანოების მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც, პირველ რიგში, სწორედ ჩვენს ინტერესებში შედის.

ჩვენ მთელი გულით ვიზიარებთ ოჯახის ტკივილს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას"
, - აცხადებენ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. რა გახდა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობის დამძიმებისა და გარდაცვალების მიზეზი, შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

| Print |