დღეიდან მართლმადიდებლებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო
14 აგვისტოდან, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. მარხვა 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება.
სასულიერო პირები მრევლს მარხვის პერიოდის სიმშვიდით გავლას და მარიამობის მშვიდობიან გათენებას უსურვებენ. მათი განმარტებით, ღმერთმა მარხვა იმიტომ დაადგინა, რომ ადამიანი სულიერად და ხორციელად განიწმინდოს და იმ განწყობით შეხვდეს დღესასწაულს, რა განწყობაც ეკადრება წმინდანის ან საუფლო დღესასწაულის აღნიშვნას.
მარხვაში ხორცს და რძის ნაწარმს არ მივირთმევთ, იოანე ოქროპირი კი გვასწავლის, რომ თანხა, რითიც ეს პროდუქტები უნდა გვეყიდა, შეგვიძლია მოწყალების სახით დავურიგოთ გაჭირვებულებს. ლოცვა, აღსარება, ზიარება, ქველმოქმედება, სიკეთე... წარმოუდგენელია ადამიანი მარხვას ინახავდეს და მოწყალებას არ გასცემდეს, სულიერად არ ცხოვრობდეს.
მარიამობის მარხვის პერიოდში არც თევზის მიღებაა დაშვებული. გამონაკლისია 19 აგვისტო, როცა მართლმადიდებლები ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობენ.