რელიგია
იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია დაიხსნის საქართველოს სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან - ამბროსი ხელაია
“ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება” - ეს არის ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას 1922 წლის 7 თებერვალს მისწერა.

ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. ამ მიმართვამ, რომელიც ითარგმნა და გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, ფართო გამოხმაურება ჰპოვა.

„1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან;

2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“
- აღნიშნავდა სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლი თავის მიმართვაში.

იმავე წლის 13 ივნისს „ჩეკამ“ დააპატიმრა, დაკითხა და გაათავისუფლა. მას ეკუთვნის დაპატიმრების დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები:

„ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

1923 წლის იანვარში დააპატიმრეს და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში.

ამბროსი ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს. იყო ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი.

1885 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887-1896 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზებს ქართველების მიმართ სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. 1897 ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. 1900 წელს ბერად აღიკვეცა.

რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ამბროსი იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენისათვის, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს. 1908 წელს ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მიეღოს მონაწილეობა. 1910 წელს გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. საქართველოში ის მხოლოდ 1917 წლის აგვისტოში ჩამოვიდა. კენჭს იყრიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივ კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა მალევე მოხსნა თავისი კანდიდატურა. 1917 წლის 17 სექტემბერს არქიმანდრიტი ამბროსი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და დაამტკიცეს ჭყონდიდის ეპისკოპოსად. 1919 წლის 28 ოქტომბრიდან გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, ხოლო ინტრონიზაცია 1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა დღეს მოხდა.

ამბროსი იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს. პეტერბურგის „უწყებებში“ და ქართულ პერიოდულ პრესაში „ამბერი“-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულის და მიმდინარე ვითარების შესახებ; აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. მისი პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით. 2013 წლის 26 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
| Print |