რელიგია
არ უნდა შეგეშინდეთ - ილია მეორე
არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგვიტყდეს გული, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვის აღვლენის შემდეგ განაცხადა.

მან კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე გაიხსენა.

„მაგონდება ის დღეები, როდესაც ნაკლებად იყო ხალხი ეკლესიაში, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე მე მაგზავნიდა და ვასრულებდი ლოცვას, ახლა სხვა მდგომარეობაა. ჩვენ მრავალი სასწაული გვინახავს, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით.

არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგვიტყდეს გული, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ. გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“
, - აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს ”კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ იესოს კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
| Print |