რელიგია
ახალქალაქის მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ფაჩუაშვილი) მოსკოვში იმყოფება . მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მეათე სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.

კონფერენციას „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ ჰქვია, რომელიც 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში და ეძღვნება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოხსენებას წაიკითხავს.

მანამდე, 15 ნოემბერს, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონს. მოსკოვის საპატრიარქოს თანახმად, „გულთბილი, მეგობრული საუბრისას განიხილებოდა რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტი“.
| Print |