რელიგია
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მთავარანგელოზობას აღნიშნავს
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

დღეს მთავარანგელოზთა – მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის კრებას იხსენიებენ. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, სადაც ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ, სადაც ოთხი წლის წინ, საროში ოფიციალურად გაიხსნა დედათა მონასტრის ახალი შენობა და სოფელ საროს სამრევლო სკოლა.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან:

გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა – (დან.8,16;ლუკ.1,26), ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მან ახარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მაცხოვრის ჩასახვის შესახებ. აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის დაბადების შესახებ.

რაფაელი – ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობის ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი – ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი, ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი – მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

იეგუდიელი – ღვთის დიდებას ნიშნავს. იგი განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს, გარდა ამისა, ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე იეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცებს ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გულმოდგინეებს გვირგვინი ელით.

ვარაქიელი
– კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. იგი კეთილ საქმეებზე უფლისმიერი კურთხევის მომცემი და ადამიანებისათვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ვარაქიელი, ძირითადად, მოწამეებისა და ბერ-მონაზვნების მფარველად ითვლება.

იერომიელი – ღვთისკენ ამაღლებას ნიშნავს. იგი საღვთო სიყვარულს აღუძრავს ადამიანებს და ცოდვების დაძლევაში ეხმარება. ხატებზე მთავარანგელოზ იერომიელს სასწორით ხელში გამოსახავენ.
| Print |