რელიგია
უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის ურთიერთობა აღარ გაგრძელდეს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს, რატომ მიულოცა საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე.

"ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი... ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება... ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში დღეს ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს. არასწორია, რა...

რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ასე რომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია... რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია"
, - თქვა მიტროპოლიტმა.

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს, კირილეს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქომ გაავრცელა.

"ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ჩვენ ასევე გვინდა გისურვოთ, თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის", - წერია მისალოც ტექსტში.
| Print |