რელიგია
ძველი თუ ახალი სტილის შესახებ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ 1923 წელს მიიღო გადაწყვეტილება ახალ სტილზე გადასვლის შესახებ და საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეთა სახელმძღვანელოდ ახალი სტილის კალენდარის შემოღების შესახებ ასეთი დადგენილება გაავრცელა:

"1. 1923 წლის 24 ოქტომბრისა შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველ ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები, წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წელს ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალი სტილით. გამოეცხადოს საკათალიკოსო საბჭოს მადლობა - პროფესორ დიდებულიძეს და ბენაშვილს, პასქალიონის შედგენისათვის ახალის სტილის კალენდრის თანახმად.

დადგენილებას ხელს აწერდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე, ეპისკოპოსი ქრისტეფორე ურბნელი, დეკანოზი გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენიამინ კანდელაკი, ივანე რატიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

2. 1924 წლის 11 აპრილს: "საკათ. საბჭომ" მოისმინა განცხადება ეპისკოპოს სვიმონ ჭყონდიდელისა, შუამდგომლობა სხვადასხვა ადგილებიდან მორწმუნეთაგან და დადგენილება ტფილისის სამღვდელოების კრებისა, რომ პასექის უქმობა 1924 წელში, მხოლოდ ამ წელში, გამონაკლისის სახით, მოხდეს ძველი სტილით, დაადგინა: "საკათ. საბჭო ადასტურებს თავის დადგენილებებს, შესახებ ახალის სტილის შემოღებისა საქართველოს ეკლესიაში, მხოლოდ ამა 1924 წლის პასექის უქმობას აცხადებს ძველი სტილით."

ხელს აწერენ: საკათალიკოსო საბჭოს დროებითი თავმჯდომარე: ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, მიტრ. ნაზარი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, დეკანოზი გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ. კანდელაკი, ივანე რატიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

3. 1924 წლის 16 ოქტომბრის: "თანახმად საკათ. საბჭოს დადგენილებათა 1923 წლის 24 ოქტომბრიდან და 1924 წლის 11 აპრილიდან, შემოღება ახალი სტილის კალენდრისა საქართველოს ეკლესიაში დადასტურებულ იქმნეს."
ხელს აწერენ: კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, ეპ. დავითი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, ეპ. ნესტორი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენიამენ კანდელაკი, გერასიმე იმნაიშვილი.

თანახმად ზემო მოყვანილ სრ. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა, მე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითმა მოადგილემ, ურბნელმა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ, ამა 1925 წლის 14 იანვარს, წმიდისა მოციქულთა სწორისა, ქართველთა განმანათლებელის ნინოს ხსენების დღეს, ტფილისის სიონის საკათედრო ტაძარში გამოვაცხადე საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეთა საცნობელად და სახელმძღვანელოდ.

ახალი სტილის კალენდარი მიღებულია საქართველოს ეკლესიის მიერ მთლიანად და ყველა დღესასწაულები, როგორც უძრავნი, ისე მოძრავნი, მარხვანი და წმიდათა ხსენებანი უნდა გადახდილ იქმნეს ახალის სტილის კალენდრის მიხედვით.
1925 წელში იქმნება:

1) ბრწყინვალე აღდგომა 12 აპრილს; 2) მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე პირველ თებერვალს; 3) ხორცთა აკრება 15 თებერვალს; 4) ყველიერის აღება 22 თებერვალს; 5) ბზობა 5 აპრილს; 6) ამაღლება 21 მაისს; 7) სულის წმიდის მოფენა 31 მაისს; პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი 8 ივნისს.

ახალი სტილის კალენდრის შესახები საკათ. საბჭოს დადგენილებანი ეთანხმებიან მეცნიერულ დებულებებს, დადასტურებულია საკათ. საბჭოს გაძლიერებულ შემადგენლობისაგან, ე.ი. ეპისკოპოსთა თანადასწრებით, რამდენჯერმე. ამის გამო საკითხი ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათ. საბჭოში აღარ დაისმის.

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე: მიტრ. ქრისტეფორე ურბნელი.

1925 წ. 14 იანვარი"( იხ.საქართველოს საპატრიარქოს არქივი კათალიკოზ-პატრიარქ ქრისტეფორე lll -ს ფონდი#6508) მრევლის უმრავლესობამ უარი განაცხადა ახალი სტილით დღესასწაულების აღნიშვნაზე. მართალია IV საეკლესიო კრებამ დაადასტურა (1927 წლის 24 ივნისს) ახალი სტილის კანონიერება, მაგრამ 1928 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო სინოდი იძულებული გახდა ასეთი შინაარსის განცხადება გაევრცელებინა:

,,ეპარქიებში შეუძლებელი გამოდგა ახალი სტილის კალენდრის გატარება, რისი მიზეზიც მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობაა ამ საკითხში. მათი აზრით, ახალი კალენდრის შემოღება უაღრესად ძნელია იქ, სადაც საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს არ მიაჩნიათ დასასვენებელ დღეებად. ამიტომ სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა: 1928 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ეკლესიაში დღესასწაულნი, უძრავ-მოძრავნი და მარხვანი სრულდებოდეს იულიუსის კალენდრით". (იხ.საქართველოს საკათალიკოსო სინოდის უწყებათა კრებული, თბ.1927 წ.)

მომზადებულია სერგო ვარდოსანიძის მიერ
| Print |