რელიგია
რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცეს
პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილე და აღსაყდრების 45 წლისთავი მიულოცა. რომის პაპმა ილია მეორეს ჯანმრთელობა უსურვა და ამასთან, მისალოც წერილში აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს განსაკუთრებით აფასებს.

„მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.“ [ფილიპე 1:6). მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ მის სამყაროსადმი სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ.

გთხოვთ იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მრავალფეროვან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებსაც ხშირად ვუსმენ, როგორც ლოცვისთვის მომზადების ღირებულ საშუალებას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია!

ძვირფასო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თავისი კალთის ქვეშ, გეხვევით და გისურვებთ მშვიდობას, ასევე ვთხოვ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას, რომ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებშიც“,
- ნათქვამია პაპი ფრანცისკეს მისალოც წერილში.

ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს რუსეთის პატრიარქიც. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად მართავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და თავის მდიდარ გამოცდილებას უხვად უზიარებს ყველას, ვინც პატრიარქთან მიდის, რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ძვირფასი მონაპოვარია.

,,ეკლესიის დევნის მკაცრ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა. სასულიერო განათლების წმინდა სერგის დიდ კელიაში მიღების შემდეგ თქვენ შეუდექით გულმოდგინე შრომას იბერიის ეკლესიის სასარგებლოდ, რითაც გაამრავლეთ ღვთით ბოძებული ნიჭი. დაინახეს რა თქვენი ღვთისმოსაობა მეუფეებმა, აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად“,
- ნათქვამია რუსეთის პატრიარქი მისალოც წერილში.
| Print |