რელიგია
სომხური სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობის დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც. დღესასწაულს საქართველოს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავენ. წირვის შემდეგ სრულდება წყალკურთხევის რიტუალი.

სომხური სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.

6 იანვარს დილით საშობაო წირვა იწყება, რომელიც შემდეგ ნათლობის რიტუალით გრძელდება.

შობის წინა კვირა - 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე - მარხვის კვირაა. მარხვა 5 იანვარს, საღამოს, ეკლესიებში საშობაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მთავრდება.

6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, წყალკურთხევის რიტუალი ტარდება ბიბლიით, ჯვრითა და მირონით. ამის შემდეგ წყალს დამსწრეებს ურიგებენ. მომდევნო დღეს სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს და პანაშვიდს იხდის მათი სულების სიმშვიდისათვის.
| Print |